„კავკასუს ონლაინმა“ .GE ზონაში რეგისტრირებული დომენური სახელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად DNSSEC (Domain Name System Security Extensions/დომენური სახელების სისტემის უსაფრთხოების გაფართოებები) დანერგა.
DNSSEC კრიპტოგრაფიული ხელმოწერების მეშვეობით უზრუნველყოფს DNS-ის (Domain Name System/დომენური სახელების სისტემა) პასუხების ავთენტურობასა და მონაცემთა გადაცემის უწყვეტ და დაცულ ჯაჭვს მომხმარებლის კომპიუტერიდან ავტორიტეტულ DNS სერვერამდე. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ ინტერნეტმომხმარებელი უსაფრთხოდ მოხვდეს ზუსტად იმ ვებმისამართზე, რომლის მოძიებასაც კონკრეტული დომენის მითითებისას ისახავდა მიზნად. DNSSEC-ის გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება რისკი, რომ მომხმარებელი მთავარი გვერდიდან უნებლიეთ ყალბ, ან შეცდომაში შემყვან ვებგვერდზე გადამისამართდეს.
DNSSEC მხოლოდ ტექნიკური განახლება არ არის - იგი წარმოადგენს სტრატეგიულ დამცავ მექანიზმს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კრიტიკულ ციფრულ აქტივებს მართავენ. აღნიშნული ტექნოლოგია აუცილებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს სამთავრობო უწყებების, ელექტრონული კომერციის პლატფორმების, საბანკო სექტორისა და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ინტერნეტით სერვისების მიწოდებისას პერსონალურ ან სენსიტიურ მონაცემებს ამუშავებენ.
„კავკასუს ონლაინისთვის“, როგორც .GE ზონის ადმინისტრატორისთვის, დომენური სახელების უსაფრთხოება და საიმედო დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კიბერსაფრთხეების ზრდის ფონზე, საზოგადოება სულ უფრო მეტად აცნობიერებს ციფრული მოწყვლადობის არსებობის რისკს. ამასთან დაკავშირებით, ინტერნეტის საერთო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ .GE ერთ-ერთ ყველაზე სანდო დომენის გაფართოებად პოზიციონირდებოდეს.
DNSSEC-ის დანერგვით, .GE ზონა აგრძელებს ინდუსტრიის წამყვანი უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვას და უზრუნველყოფს, რომ დომენური სახელები იყოს არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, არამედ სანდო და დაცული.